საზოგადოება
30.05.2022 16:39
მოსალოდნელია თუ არა 2023 წლიდან გაზის და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის ბოლომდე და გამორიცხული არ არის, 2023 წლიდან, გაზის სამომხმარებლო ტარიფი გარკვეულწილად შეიცვალოს.

„ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, თუმცა, ამ ეტაპზე ტარიფზე ზეწოლა არ გვაქვს. უხვი ნალექების წყალობით, წინა წელს გამომუშავება გაიზარდა, რეაბილიტირდა ენგურჰესიც, ეს ტენდენცია გრძელდება და უხვნალექიანობის გამო, მეტი იაფი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.

რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი აირის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი, ახალი სამომხმარებლო ტარიფები დადგინდება. მოსაწოდებელი გაზის ფასის დიდწილად ზრდას არ ველოდებით, თუმცა გარკვეული კომპონენტები ფასის ზრდას გამოიწვევს, მაგრამ ეს არ იქნება დიდი და ხელშესახები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები 1 კ.მ-ში 56.9 თეთრს იხდიან. 2021 წლის 1-ლი ივნისიდან კი „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 კ.მ. ბუნებრივი აირი 53.9 თეთრი ღირს. აღნიშნული ტარიფები 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

კვირის ამბები