საზოგადოება
30.05.2022 12:42
რა ღონისძიებები იგეგმება გორში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ელ ივნისს, გორში სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ბავშვებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

,,გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სკოლების და ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით, თეატრის სკვერში მოეწყობა სხვადასხვა სახის აქტივობები. ამავე ტერიტორიაზე გაიმართება სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების გამოფენა, სახის მოხატვა, ანიმატორების შოუ და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

რაც შეეხება შემეცნებით ნაწილს, შესაბამისი ღონისძიებები სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და საბრძლო დიდების მუზეუმში გაიმართება. საბრძოლო დიდების მუზეუმში მოეწყობა მოსწავლეთა ნახატების გამოფენაც.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ერთ-ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო თარიღია. არსებული ვერსიით, ამ თარიღის 1-ელ ივნისს აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან.

1925 წლის 1-ელ ივნისს, სან-ფრანცისკოში, ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ობოლი ჩინელი ბავშვები და მათთვის დუან-უცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი) მოაწყო. პარალელურად, ეს დღე დაემთხვა ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციას.

1949 წლის ნოემბერში, პარიზში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ იმსჯელა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე, რომელიც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 1950 წლის 1-ელ ივნისს კი, პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც, ეს დღე მსოფლიოში ყოველ წელს აღინიშნება.
კვირის ამბები