29 მაისს გამართული მსჯელობისას, ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს შეთანხმებას ვერ მიაღწია, ამ საკითხზე მსჯელობას და პროგრესის მიღწევას დიპლომატები დღეს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
ინფორმაციის თანახმად, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს, დიპლომატების ნაწილმა განაცხადა, რომ კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება საკითხი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი სანქციების შედეგად შექმნილი კონკურენცია ნავთობზე გაზრდილი ფასების პირობებში.
აღნიშნული პრობლემების განხილვისას, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის იმპორტზე სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება 29 მაისს ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, სანქციების პაკეტი შეაჩერა უნგრეთმა, რომელიც აცხადებს, რომ ნავთობის ემბარგო მისი ეკონომიკისთვის დარტყმა იქნება, რადგან მისთვის ნავთობის სხვა ქვეყნისგან მიღება ადვილი არაა. მსგავსი შეშფოთება გამოთქვეს სლოვაკეთმა და ჩეხეთმა.