რჩევები
27.05.2022 14:49
ზაფხულის დადგომის პარალელურად, იზრდება ქვეწარმავლებით დაგესვლის რისკიც - ზოგადი სიმპტომები და პირველადი დახმარება

ზაფხულის დადგომის და ტემპერატურის მატების პარალელურად, იზრდება ქვეწარმავლებით დაგესვლის შემთხვევებიც. როგორც ,,გორის მაცნეს“ სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ რაბიოლოგმა განუცხადა, გველის ნაკბენით კლინიკაში მიმართვას ამ სეზონზე ჯერ ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ზოგადად, უკვე დაიწყო ამ მხრივ საყურადღებო პერიოდი.

საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევს კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა. გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი და აგრესიული წარმომადგენელია, მისი ნაკბენი მომაკვდინებელია. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ პირველადი დახმარების წესებს გველის დაგესვლის შემთხვევებში, გარდა ამისა, შეგახსენებთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც გველები ბინადრობენ.

გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია. გაითვალისწინეთ, იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, აუცილებლად ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი. მოერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს. ამასთან, მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.

თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.

გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ: ნუ მიეცემით პანიკას, თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ; ერიდეთ აქტიურ მოძრაობებს, არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.

როგორია გველის ნაკბენის ზოგადი სიმპტომები

ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;

შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;

მხედველობისა და გონების დაბინდვა;

სისხლჩაქცევები;

ძილიანობა ან პირიქით - აგზნება;

კრუნჩხვა, ასფიქსია;

ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველმა დაგგესლათ

ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთათმანებით გაკეთდეს;

ჭრილობა სწრაფად გაიმშრალეთთ, დაიფარეთ სტერილური ბინტი და შეიხვიეთ;

მოათავსეთ ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა;

ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს;

მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს;

სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ - გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.

გველის დაგესვლის შემთხვევაში მკაცრადაა აკრძალული

ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;

ნაკბენი ადგილის გაკვეთა;

მოწვა;

დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;

ლახტის დადება.

კვირის ამბები