საზოგადოება
26.05.2022 14:21
გორში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე დილიდან მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილია რეგიონში წარმოებული სხვადასხვა პროდუქციის გამოფენები, ხალხური რეწვის კუთხეები, მოედნის სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სპორტული აქტივობები, საბავშვო შოუები, სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟებულ სცენაზე კი სხვადასხვა შემსრულებლები და საბავშვო ჯგუფები მუსიკალურ ნომრებს სთავაზობენ შეკრებილ საზოგადოებას.

გორის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკაც.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ ჯავშანტექნიკა და შეიარაღება - სხვადასხვა სახის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები, ოპტიკური მოწყობილობები, ტყვიამფრქვევები. დაინტერესებულ პირებს სამხედრო ინსტრუქტორები აწვდიან ინფორმაციას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა თუ აღჭურვილობის შესახებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებუილებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი რეგიონში წარმოებული პროდუქცია დაათვალიერეს.

დღესვე, 17:10 საათზე, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თარიღის საზეიმოდ აღნიშვნა (სწორედ ამ დროს მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს).

საღამოს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

კვირის ამბები