შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თხუთმეტმა პირმა პარაპლანით ფრენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქტივობა თბილისის ზღვის მიმდებარედ, პატარა ლილოს მთაზე განხორციელდა. სპეციალურად დამზადებული ეტლი–კონსტრუქციების დახმარებით, პარაპლანით ფრენა, ჯამში, 40 შშმ. პირმა განახორციელა, მათ შორის იყვნენ ომის ვეტერანები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტოტალურად უსინათლო, ზურგის ტვინის დაზიანების მქონე, ამპუტანტი და ეტლით მოსარგებლე პირები.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, პარაპლანით ფრენა ,,ახალგაზრდული მედიაკავშირის“ პროექტია, რომელიც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხელს უწყობს მათ ჩართულობას სხვადასხვა სახის სპორტულ-კულტურულ აქტივობებში.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ,,ახალგაზრდულ მედია კავშირთან“ და სპორტული ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის საშუალებით მხარს უჭერს გორელი შშმ პირების მონაწილეობას ისეთ შეჯიბრებებში, როგორიცაა ეტლითხილამურების ჩემპიონატი, ჯომარდობა, ზიპლაინი და სხვა. აღნიშნული აქტივობების განხორციელება, საქართველოს მიერ რატიფიცირებული, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას უწყობს ხელს“, - აცხადებენ გორის მერიაში.