საზოგადოება
25.05.2022 16:11
26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება, იგეგმება შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენაც

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია საგამოფენო სივრცეებისა და საკონცერტო სცენისთვის სპეციალური მოწყობილობების მონტაჟი. ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება.

გორის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენაც.

მასშტაბურ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჯავშანტექნიკა და შეიარაღება - სხვადასხვა სახის სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები, ოპტიკური მოწყობილობები, ტყვიამფრქვევები. დაინტერესებულ პირებს სამხედრო ინსტრუქტორები მიაწვდიან ინფორმაციას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა თუ აღჭურვილობის შესახებ.

აღნიშნულის გარდა, 26 მაისს, გორში დაგეგმილია მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, ხალხური ტრადიციების კუთხეები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო შოუები.

17:10 საათზე, დაგეგმილია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თარიღის საზეიმოდ აღნიშვნა (სწორედ ამ დროს მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს).

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება.

კვირის ამბები