გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. მერიის, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სველი წერტილების მოსაწყობად შესაბამისი ადგილების მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც რობერტ მაღლაკელიძემ აღნიშნა, ზემოხსენებული ინიციატივა გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ეკუთვნის.
„ტურისტები ხშირად გვეკითხებიან, თუ რატომ არ არის საკმარისი სველი წერტილები ქალაქში. რა თქმა უნდა, ქალაქში სველი წერტილები არის, მაგრამ ზოგიერთი, მაგალითად, სტალინის მუზეუმის უკან მდებარე ობიექტი, კერძო საკუთრებაა, რომელიც დაკეტილია, რაც შეეხება სხვა ლოკაციებს, გარკვეულწილად იქაც უკვე მოძველდა ინფრასტრუქტურა, ამიტომ, მერის დავალებით შეიქმნა ჯგუფი, რომ მოვიძიოთ და შევისწავლოთ ახალი ადგილები, მერია კი, იზრუნებს, რომ გაიხსნას ახალი საპირფარეშოები, რომლებიც ქალაქის ვიზიტორებს მოემსახურება“, - აღნიშნა რობერტ მაღლაკელიძემ.