პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია ელექტრონულ ფორმატში მეორე დღეა მიმდინარეობს. აღნიშნული პროცესი 15 ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა, გორის რამდენიმე სკოლაში, თავისუფალი ადგილები რეგისტრაციის დაწყების პირველივე წუთებში შეივსო.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, მშობლების მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნა გორის მეორე, მეცხრე და მეთორმეტე საჯარო სკოლებზე იყო, შესაბამისად, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველა ადგილი დაიჯავშნა.
,,გორის მაცნემ“ მე-2, მე-9 და მე-12 საჯარო სკოლების დირექტორებთან გასაუბრება შეძლო.
გორის მე-2 სკოლის ხელმძღვანელი გიორგი ბერძნიშვილი ამბობს, რომ მშობლების თქმით, მეორე სკოლაზე განსაკუთრებული მოთხოვნა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული უკიდურესად მეგობრული, დემოკრატიული გარემოს, მაღალკვალიფიციური გუნდის და იმ ღირებულებების გამოა, რაც, უკვე წლებია, დამკვიდრებულია სკოლაში.
,,დიახ, საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა ჩვენს სკოლაში პირველკლასელთა დასარეგისტრირებლად, თუმცა, ვთვლი, რომ მოთხოვნა სხვა სკოლებზეც მაღალია. რთულია საუბარი იმ სკოლაზე, რომელსაც თავად ხელმძღვანელობ, თუმცა, მოსწავლეთა მშობლების თქმით, მეორე სკოლაზე განსაკუთრებული მოთხოვნა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული უკიდურესად მეგობრული, დემოკრატიული გარემოს, მაღალკვალიფიციური გუნდის და იმ ღირებულებების გამოა, რაც, უკვე წლებია, დამკვიდრებულია სკოლაში. ამასთანავე, აკადემიური მოსწრებაც ძალზე მაღალია. ამჟამად, გორის მე-2 საჯარო სკოლაში 882 მოსწავლეა რეგისტრირებული, პირველ კლასში კი 3 პარალელია“, - განაცხადა გიორგი ბერძნიშვილმა.
მე-12 სკოლის დირექტორის, რუსუდან ლომიძის თქმით, უსაფრთხო გარემომ, პედაგოგების მაღალმა სასკოლო კულტურამ, კვალიფიკაციამ და მოსწავლეების მაღალმა აკადემიურმა შედეგებმა განაპირობა მშობლების მხრიდან გაკეთებული არჩევანი.
„ვფიქრობ, ჩვენი სკოლის მოთხოვნას განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში, ეს გახლავთ ჩვენი პრიორიტეტული მიდგომა - „სწავლა სწავლებისთვის“ და უსაფრთხო გარემო ფართო გაგებით, იქნება ეს, დაცული ეზო თუ კვების ჰიგიენური ნორმები, რომელიც სკოლის აღსაზრდელებს სასკოლო ბუფეტში ხვდებათ. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა პედაგოგების სასკოლო კულტურასა და კვალიფიკაციას, რომლებიც მონდომებით უვლიან, უფრთხილდებიან დაწესებულებას და მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აქ დასაქმებული 53 პედაგოგიდან, 3 მენტორი, 30 კი წამყვანი მასწავლებელია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა პროექტებში, როგორც სახელმწიფო, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით. ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც და საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს“, - აღნიშნა რუსუდან ლომიძემ.
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისას, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ გორის მე-9 საჯარო სკოლაც. სკოლის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს მიიჩნევს.
,,ძალზე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მე-9 საჯარო სკოლაზე ამგვარი მოთხოვნაა, ეს ნიშნავს იმას, რომ ფასდება სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების თუ სხვა პერსონალის ის მონდომება, რაც საერთო გარემოს ქმნის. ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორზე უნდა გავამახვილო ყურადღება - ეს, პირველ რიგში, გახლავთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური კოლექტივი, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს, ასევე, სხვა ფაქტორები და მოსწავლეების მიმართ დამოკიდებულება. რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციას, მესამე - საყოველთაო ეტაპზე, ჩვენთან ძალზე ცოტა ადგილი იყო დარჩენილი, ვინაიდან, 1-ელ და მე-2 ეტაპებზე მოხდა სხვადასხვა საჭიროების მქონე და ასევე იმ ბავშვების დარეგისტრირება, რომელთა დედმამიშვილებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ. წელს, მე-9 სკოლაში, პირველი კლასის ოთხი პარალელია“, - აღნიშნა ეკატერინე ხუციშვილმა.
რაც შეეხება სკოლებს, სადაც პირველ კლასებში ადგილები ამ დრომდე რჩება, ჩამონათვალი ასეთია:
ნიკო კეცხოველის სახელობის პირველი საჯარო სკოლა - 40 ადგილი;
მე-3 საჯარო სკოლა - 17 ადგილი;
მე-4 საჯარო სკოლა - 17 ადგილი;
მე-5 საჯარო სკოლა - 46 ადგილი;
მე-6 საჯარო სკოლა - 28 ადგილი;
მე-7 საჯარო სკოლა - 2 ადგილი;
მე - 8 საჯარო სკოლა - 10 ადგილი;
მე - 10 საჯარო სკოლა - 111 ადგილი;
მე -11 საჯარო სკოლა - 36 ადგილი;