სამართალი
25.05.2022 12:31
პოლიციამ გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს და 1 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 14 მჭიდი და 441 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ამავე ბრალდებით, სამინისტროს თანამშრომლებმა კიდევ ორი პირი გურიისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც დააკავეს.

კვირის ამბები