საზოგადოება
25.05.2022 11:02
როდის აღდგება აღმაშენებლის გამზირზე სასმელი წყლის მიწოდება

დღეს დილიდან, აღმაშენებლის გამზირზე სასმელი წყლის მიწოდება შეწყდა. წყალმომარაგება შეუწყდა, ასევე, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასაც. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა „გორის მაცნეს“ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული იყო.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, წყლის მიწოდების შეწყვეტა აღნიშნულ ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემების განახლებას უკავშირდება.

„დღეს დილიდან შეწყდა სასმელი წყლის მიწოდება აღმაშენებლის გამზირზე. ამის შესახებ აბონენტები ინფორმირებულები იყვნენ. რაც შეეხება მიზეზს, როგორც იცით, დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გახლავთ, უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის განახლება, შესაბამისად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, შეწყვეტილია წყლის მიწოდება, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აბონენტები წყალს სამუშაოების დასრულებისთანავე, დღის ბოლომდე მიიღებენ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის გამზირზე სასმელი წყლის სისტემის განახლების პროცესი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. მიმდინარე პროექტი სისტემის განახლების პარალელურად, აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც გულისხმობს.

კვირის ამბები