საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე, გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან ორი სტაციონარში, გორში რჩება. ორი პირის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში მოხდა, ერთმა კი, რომლის მდგომარეობაც სტაბილური იყო, საავადმყოფო დატოვა, - ამის შესახებ „გორის მაცნეს“ სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა განუცხადა.
ხათუნა შრუბის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
„ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი პირი გუშინ შემოყვანილი იყო „გორმედის“ ქსელის კლინიკებში - გორსა და ქარელში. ქარელში მოთავსებული ორი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი სამი პირიდან, ერთი ამბულატორიულად გაეწერა ბინაზე, ორი პაციენტი კი - სტაციონარში რჩება. ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, შეესაბამება გადატანილი ტრავმის და დაზიანების სიმძიმეს,“ - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და ერთი პირი გარდაიცვალა.