„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები უკვე 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ბელგიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვედეთში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში ,,მაიმუნის ყვავილის” ათობით შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციონისტების თქმით, ე.წ. მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება, გამონაყარი.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დისპანსერული განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში დაავადების სიმპტომებსა და მიმდინარეობაზე წერს.
,,ეს არ არის ახალი ინფექცია, ადრეც იყო, თუმცა, დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს.
რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, რომელიც 13 მაისიდან დაიწყო, საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა).
აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა).
სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა, ზოგადად, დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის - 10.6%.
დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.
სიმპტომები გავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები - ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. ერთიდან სამ დღემდე პერიოდში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის - ხელის და ფეხის გულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.
სიმპტომური ადამიანიდან გადაცემა ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც). დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.
დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში“, - წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.