ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულს იწყებს.
კვირეულის ფარგლებში ჩანიშნული პირველი საინფორმაციო შეხვედრა უკვე გაიმართა ქვახვრელის საჯარო სკოლაში.
ადრეული ქორწინების შესახებ, სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა ანა ჯანიაშვილმა, გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ცხოვრებაძემ და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა, პოლიციის მაიორმა ნონა გელაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად, ბავშვთა უფლებების, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბულინგისა და ინკლუზიური განათლების საკითხებზე შეხვედრებს კიდევ რამდენიმე სკოლაში გამართავს.
„სკოლები და შეხვედრის თემები ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სკოლების, სკოლამდელი აღზრდის, ჯანდაცვისა და მერის წარმომადგენლებთან ჩარტარებული შეხვედრების დროს გამოკვეთილი, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით შეირჩა. გარდა ამისა, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება საინფორმაციო შეხვედრების გარდა, სხვდასხვა აქტივობებს გამართავს“, - აცხადებენ გორის მერიაში.