„ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ - საგანმანათლებლო პროექტი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ახალგაზრდებისათვის კიდევ ერთი პროექტი - „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, გამოცხადდა თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი 16 - დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისა და 18-დან 24 წლამდე სტუდენტებისთვის, რომლებიც ტრენერულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ და ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ.
პროექტის ორგანიზატორთა თქმით, მონაწილეები გაივლიან UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ თემატურ სესიებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე მეთოდოლოგიურ ტრენინგს თანასწორგანმანათლებლებისთვის.
პროექტის საბოლოო ეტაპზე, სულ, შეირჩევა 12 თანასწორგანმანათლებელი. შერჩეული პირები ჩაატარებენ სასწავლო-საინფორმაციო სესიებს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში.
პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ბმულზე:
https://bit.ly/3NiDQ8k. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ივნისი.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში.