საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრა, გორის „დილამ“ „საბურთალოს“ წინააღმდეგ სტუმრად გამართა.
ორივე მათგანისთვის ეს შეხვედრა გადამწყვეტი იყო, რადგანაც ორივე გუნდი 23 ქულას ფლობდა და „საბურთალო“ (მეოთხე ადგილი) თანაბარქულიან გორის „დილას“ (მეხუთე ადგილი) ჩატარებული მატჩების შედეგების გათვალისწინებით უსწრებდა. გუშინდელმა მატჩმა კი, ეს რეალობა შეცვალა - გორის „დილამ“, 26 ქულით ცხრილის მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, „საბურთალო კი, მეხუთეზე ჩამოქვეითდა.
„დილამ“, გუშინ მოგებული მატჩით, სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. პირველი - კუთხურის შემდეგ შექმნილი არეულობისას თორნიკე ძოწენიძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. მეორე ბურთი კი - დილას კაპიტანმა, ნიკა გაგნიძემ ძლიერი დარტყმით გაიტანა.
გორელები მომდევნო შეხვედრას 27 მაისს „ლოკომოტივთან“, საკუთარ მოედანზე გამართავენ.