საზოგადოება
21.05.2022 21:44
პრემიერ-მინისტრი გორის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სამუშაოების ღირებულება 14.4 მილიონი ლარია

რეგიონული ტურნეს ფარგლებში გორში ყოფნისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოების ღირებულება 14.4 მილიონი ლარია. პროექტი ზაფხულში დასრულდება და უკვე დაგეგმილია მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაც.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „განახლებული რეგიონების“ პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, რაც დადებითად აისახება გათბობის ხარჯებზე. მოეწყო ტროტუარები, განათებები და რეკრეაციული სივრცეები.

,,აღსანიშნავია, რომ ზაფხულში დასრულდება გორში „ახალბაღის“ პარკის რეაბილიტაციაც, რომლის სამუშაოები მსოფლიო ბანკმა 9,1 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი მოიცავს პარკის ტერიტორიის კეთილმოწყობას, არსებული ფანჩატურების რეაბილიტაციას და ახლების შექმნას, ახალი საფეხმავლო ბილიკების მოწყობას. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, არსებული ხელოვნური ტბისა და სპორტული ზონის მოწყობა.

გარდა ამისა, გორში დასრულდა ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაციაც. პროექტი მსოფლიო ბანკმა 2,1 მილიონი ლარით დააფინანსა და ითვალისწინებდა გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების, დრენაჟების, განათების და საგზაო ნიშნების მოწყობას.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული მასშტაბური სამუშაოები ქალაქს ტურისტულად უფრო მიმზიდველს გახდის.

პრემიერის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა.

მოცემულ ეტაპზე, უკვე გამოცხადდა პროგრამა „განახლებული რეგიონების“ მეორე ეტაპის სამუშაოების ტენდერი ყვარელში, თელავში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, ვანში, ხონში, რუსთავში, გორში, ფოთში, ქუთაისში, ტყიბულსა და ბათუმში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე”, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გარდა, პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლის დანარჩენ სამ მუნიციპალიტეტში - კასპში, ქარელსა და ხაშურშიც იმყოფებოდა.

კვირის ამბები