საზოგადოება
21.05.2022 21:29
ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო და მეღვრეკისელ მოზარდებს სტადიონის მშენებლობასაც დაჰპირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას, სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.

მეღვრეკისში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება.

სამშენებლო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ბაღი მოემსახურება გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული ორი სოფლის - მეღვრეკისისა და ერგნეთის მოსახლეობას.

აღსანიშნავია, რომ ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო.

საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება - 2 820 000 ლარია.

განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერგნეთსა და მეღვრეკისში აქამდე საბავშვო ბაღი არ იყო და მსგავსი ინფრასტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია გამყოფ ხაზთან მცხოვრები სოფლების მოსახლეობისთვის.

მთავრობის მეთაური სოფელ მეღვრეკისში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, პრემიერი ბავშვებს გაესაუბრა და მათ უახლოეს პერიოდში სოფელში ახალი სტადიონის მშენებლობას დაჰპირდა.

კვირის ამბები