საზოგადოება
21.05.2022 19:02
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობს

შიდა ქართლის რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში, საოჯახო სასათბურე მეურნეობას ეწვია. პრემიერთან ერთად ნიქოზში იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 

მთავრობის მეთაურს ადგილზე მასპინძელმა ფერმერებმა - ელზა ოქროპირიძემ და ვლადიმერ მარიამიძემ უმასპინძლეს. ოქროპირიძეს და მარიამიძეს ქვემო ნიქოზში 1.10 ჰა. მიწა აქვთ რეგისტრირებული და პრემიერის მიერ ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით“ სარგებლობენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი სასათბურე მეურნეობის მიმდებარედ სოფელში მცხოვრებ ფერმერებსაც შეხვდა და მათთან ერთად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 10 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, 100 ათასზე მეტ ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა.

როგორც ფერმერებთან შეხვედრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს განუმარტა, 1200-ზე მეტმა ფერმერმა აგრობარათი უკვე გაააქტიურა, მათგან 340-მა კი, სახელმწიფოს დახმარებაც გამოიყენა და სპეციალიზებულ მაღაზიებში აგროქულები გაანაღდა.

პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და პროგრამის ბიუჯეტი 35 მლნ ლარია.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი. ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

მთავრობის მეთაურთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი დილიდან შიდა ქართლში იმყოფება. გორის მუნიციპალიტეტის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპს, ხაშურს და ქარელსაც სტუმრობდა.  

 

კვირის ამბები