დღეს, საქართველოში, მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. ქვეყნის პრემიერმა სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური რესურსები, მიიღონ განათლება, გახდნენ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.
„დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება, დღეს, უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ წარმატებას აღნიშნავს.
დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში, თქვენ, ახალგაზრდული სულისკვეთებით, თქვენს სათქმელს იტყვით.
მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენოთ თქვენი ინდივიდუალური რესურსები, მიიღოთ განათლება, გახდეთ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.
გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, გისურვებთ თქვენი მიზნებისა და სურვილების ასრულებას“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.