ომგამოვლილი და-ძმა ჩაირიცხა ჩვენს საბავშვო ბაღშიო და გული ამიფანცქალდა, ვნატრობდი, ერთ-ერთი მაინც მოხვედრილიყო ჩემთან, რომ ჩამეხუტებინა, გამეფერადებინა დღეები, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, გორის მე-9 საბავშვო ბაღის პედაგოგი მაია ნემსაძე წერს.
,,საკმაოდ დიდხანს ლვოვში ვცხოვრობდით მე და ოთო. გულში ჩაგვიხუტა უკრაინელმა ხალხმა (ახლა უკვე ჩვენმა დიდმა მეგობრებმა.) არ იშურებდნენ ჩვენთვის სითბოს და სიყვარულს, გვასწავლიდნენ უკრაინულ ენას და ცდილობდნენ ოთოს კარიერული წინსვლის ხელშეწყობას, მაგრამ არ აცალა დაწყებულმა არეულობამ. ახლა კი, რაც ომი დაიწყო, სულ ვფიქრობ, რით შემიძლია მათი დახმარება.
ომგამოვლილი და-ძმა ჩაირიცხა ჩვენს საბავშვო ბაღშიო და გული ამიფანცქალდა, ვნატრობდი, ერთ-ერთი მაინც მოხვედრილიყო ჩემთან, რომ ჩამეხუტებინა, გამეფერადებინა დღეები, რომლებსაც გორის მე-9 საბავშვო ბაღში გაატარებენ და ამიხდა სურვილი, ჩავიხუტე ფერია - ელინა, დავმეგობრდი ნოდარიკოსთანაც, ვპირდები, ბევრს ვითამაშებთ ერთად, აუცილებლად გავულამაზებ სამყაროს და ვოკალის გაკვეთილებს უსასყიდლოდ ჩავუტარებ. საკონტაქტოდ ვიყენებთ უკრაინულ და რუსულ ენებს, მაგრამ აუცილებლად ვასწავლი ქართულსაც და ბოლოს, გალაღებულებს და ბედნიერებს, ვუსურვებ, მშვიდობიან, აყვავებულ უკრაინაში დაბრუნებას. რაც აუცილებლად მოხდება!
მადლობა თანადგომისთვის გორის მე-9 საბავშვო ბაღის კოლექტივს, დირექტორს - მარინე კაპანაძეს და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელს - გიორგი შათირიშვილს”, - წერს სოციალურ ქსელში მაია ნემსაძე.
ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსვლამდე, უკრაინელი და-ძმა ოჯახთან ერთად ქალაქ ივანკოვოში ცხოვრობდა.