ევროკავშირის გაცვლითი პროგრამით, გორის მესამე საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლე გაემგზავრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო ვიზიტით. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანა ტერტერაშვილი ხუთი ქვეყნიდან შერჩეულ თანატოლებთან ერთად, პოლონეთში ივლისში გაემგზავრება.
,,ჩვენი სკოლის მოსწავლე, ანა ტერტერაშვილი შერჩეულია Erasmus+ ის დაფინანსებულ პროექტში, რომელშიც ხუთი ქვეყანიდან: საქართველო, პოლონეთი, იტალია, სლოვაკეთი, სომხეთი იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდები. ჩვენი ანა, ივლისის თვეში, საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრება პოლონეთში.
აღსანიშნავია,რომ თითოეული ქვეყნიდან 5 მოსწავლე იქნა შერჩეული და გვეამაყება, რომ მათ შორისაა ჩვენი ანა“, - აღნიშნულია გორის მე-3 საჯარო სკოლის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პროგრამა Erasmus-ი ევროკავშირის სტუდენტური გაცვლითი პროგრამაა, რომელიც 1987 წელს შეიქმნა. Erasmus Plus არის ახალი პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე სქემას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, აღნიშნული პროგრამა 2014 წლის იანვარში ამოქმედდა.