საზოგადოება
20.05.2022 09:50
„ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ - ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკული კურსი ქალებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული, ასევე დასაქმებისა და ახალი პროფესიული უნარების შეძენის მსურველი ქალებისთვის, პროექტს - „ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ ახორციელებს.

როგორც ცნობილია, პროექტში 30 ქალი ჩაერთვება. ბენეფიციარები 5 თვის განმავლობაში გაივლიან ჭრა-კერვა-მოდელირების პრაქტიკულ კურსს. პროექტი, ასევე ითვალისწინებს თეორიულ სწავლებას სამეწარმეო უნარ-ჩვევების, ბიზნესპროექტების წერისა და ფონდების მოძიების საკითხებზე. გორის მერიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული აქტივობა ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ სამკერვალო საწარმოებში ან თავად წამოიწყონ მცირე ბიზნესი.

პროექტი „ქალთა დასაქმება სწავლების გზით“ დაფინანსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია მოწყვლად ჯგუფებში ტრენინგების, სემინარების თუ სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელებაზე.

აღნიშნულ პროექტს ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისათვის“ ახორციელებს. ცნობილია ისიც, რომ ბენეფიციარები სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, სამკერვალო საწარმო „ლიდერში“ დასაქმდებიან.

კვირის ამბები