ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომლის შემადგენლობაში 1991 წლამდე (საქართველოს დამოუკიდებლობამდე) საქართველოც შედიოდა, 19 მაისს პიონერთა დღე აღნიშნებოდა. იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკაში ამ დღეს მასშტაბური ღონისძიებები იმართებოდა.
სრულიად რუსული (როგორც თავდაპირველად უწოდებდბნენ) ბავშვთა ორგანიზაციის შექმნა 1921 წლის ნოემბერში გადაწყდა. მალევე შეიქმნა პიონერული სიმბოლოები და ატრიბუტები, 1922 წლის 7 მაისს კი, მოსკოვში, სოკოლნიკის ტყეში, პირველი პიონერული კოცონი გაიმართა, სადაც ბავშვთა პიონერული ორგანიზაციის პირველი წევრები შეიკრიბნენ.
1922 წლის 19 მაისს, იმჟამინდელ საბჭოთა კავშირში ოფიციალურად აღინიშნა პიონერული ორგანიზაციის დღე, ან, უფრო მარტივად, პიონერთა დღე (პიონერული ორგანიზაცია ვ.ი. ლენინის სახელს ატარებდა).
რაც შეეხება საბჭოთა სოციალიზაციის ფორმულას და იმჟამინდელ საბჭოურ იერარქიას: ოქტომბრელი; პიონერი; კომსომოლის, იგივე კომკავშირის წევრი - ეს ყოველივე კი მიზნად ისახავდა ბავშვებსა და მოზარდებში საბჭოური შიდა იდეოლოგიური ბირთვის შექმნას.
საბჭოთა კავშირში I-III კლასის მოსწავლეები იყვნენ ოქტომბრელები, III-VIII კლასების მოსწავლეები პიონერთა რიგებში ირიცხებოდნენ, შემდეგ კი კომკავშირში აწევრიანებდნენ.
იმ პერიოდში შეიქმნა პიონერთა ელიტური ბანაკი „არტეკიც“, სადაც 15 რესპუბლიკიდან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ პიონერებს კრებდნენ და არსებული იდეოლოგიის გავლენით, ,,ერთიანი საბჭოთა ადამიანის“ მიღებას ცდილობდნენ.
ამჟამად, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, პიონერთა ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციაშიღა ფუნქციონირებს და შესაბამისად, 19 მაისს კვლავ აღნიშნავენ.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და
განათლების სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდების ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავენ, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია ცნობილი დღეს გახდება.