მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 744 548-ს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკური მონაცემების მთავარი წყარო რუსეთში, ერთიანი უწყებათაშორისი საინფორმაციო და სტატისტიკური სისტემის (ЕМИСС) ადმინისტრაცია ავრცელებს.
რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის 789 330 მოქალაქე სტუმრობდა. აღნიშნული რაოდენობიდან, წელსაც და შარშანაც, 4000-ზე მეტი რუსი აფხაზეთში სხვადასხვა სამუშაოზე (მომსახურე პერსონალი) იმყოფებოდა.
რაც შეეხება სამგზავრო საშუალებებს, სტატისტიკური მონაცემებით, წლევანდელი პირველი კვარტლის რუსი 744 548 ვიზიტორიდან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 470 527-მა კაცმა იმგზავრა ავტომობილით, 7 932-მა ისარგებლა რკინიგზით, 856 პირი კი აფხაზეთში თვითმფრინავით ჩავიდა. მინიმალურია იმ პირების რაოდენობა, ვინც აფხაზეთში საზღვაო ტრანსპორტით ჩავიდა, სულ - 11 ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ერთიანი უწყებათაშორისი საინფორმაციო და სტატისტიკური სისტემის (ЕМИСС) მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი), რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, არსებული მონაცემებით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან, მუდმივი საცხოვრებლის მაძიებელი არცერთი პირი არ დაფიქსირებულა.