საზოგადოება
18.05.2022 11:58
სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაციით, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვასილ ბასილაძე განმარტავს, ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელია საქართველოშიც.

„ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა, ამასთან ერთად, ეტიკეტზე დატანილი იქნება „QR“ კოდი, რაც მომხმარებელს ან დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას, მობილური აპლიკაციის მეშვეობით მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ცხოველის შესახებ (ადგილწარმოშობა, ვიზუალური მონაცემები, დაკვლის თარიღი, სასაკლაო და ა.შ.) რომლისგანაც მიღებულია ხორცი“, - განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს სწავლებები ჩაუტარდა.

კვირის ამბები