იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოში ვაქცინირებულთა რაოდენობა ძალიან დაბალია, ნაადრევია საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა პანდემიის დამარცხებას შეძლებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განცახადა.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 44%, რაც მნიშვნელოვნად დაბალია.
„დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში პანდემიის მიმდინარეობა მკვეთრად შემცირებული და რაც მთავარია, სტაბილურია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება ახლა მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მაშინ, როდესაც არათანაბარი მდგომარეობა გვაქვს, საუბარი ერთ რომელიმე ქვეყანაში პანდემიის დასრულებაზე ნაადრევია. ალბათ, ეს არის დამოკიდებული გლობალურ შეფასებაზე. ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, როგორც პანდემიის გამოცხადებაზე, ასევე პანდემიის დასრულებაზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, რომელსაც არც გადატანილი აქვს კორონავირუსი და არც ვაქცინირებულია. ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ მათი რაოდენობა შესაძლებელია 500 ათასიდან 1 მილიონამდე იყოს, ამიტომ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია“, - განაცხადა ჩხაიძემ.