საზოგადოება
17.05.2022 14:31
17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის - არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

სტატისტიკურად, ყოველი ათი მოზრდილიდან სამს მაღალი წნევა აღენიშნება. ჰიპერტენზიით დაავადებულია დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი, რომელთა თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ. იმ ადამიანთა დიდი ნაწილი კი, ვინც იცის, რომ აქვს მაღალი წნევა, არ იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნა ინიცირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2005 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჰიპერტენზიის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით. მისი ფორმატი, ძირითადად, ორიენტირებულია მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის განათლებაზე. ამ დღის აღნიშვნისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წნევის მასობრივი გასინჯვის აქციებს, საგანმანათლებლო მასალის გავრცელებას, სპორტულ ღონისძიებებს და, რაც ყველაზე აქტუალურია, საინფორმაციო კამპანიებს რადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით, სოციალური ქსელების გამოყენებით.

„ზუსტად გაიზომე არტერიული წნევა, აკონტროლე ის, იცხოვრე უფრო დიდხანს“ - წელს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების თემატიკა ფოკუსირებულია მსოფლიოში საკითხის მიმართ ინფორმირებულობის გაზრდაზე, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში. ყურადღება მახვილდება, არტერიული წნევის ზუსტი გაზომვის მეთოდებზეც

ჰიპერტენზიის მქონე პირთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ეს დიაგნოზი აქვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია დაავადების შესახებ და ხელი შეუწყოს მის პრევენციასა და კონტროლს

ჰიპერტენზია ანუ  მაღალი არტერიული წნევა - არტერიული წნევის ციფრები აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს, კლინიკური მდგომარეობაა, რომელსაც ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ,  რადგან იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ახასიათებდეს მკაფიო სიმპტომები - თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის ფრიალი, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, სუნთქვის გართულება, გულის რითმის დარღვევები და ა.შ.

ჰიპერტენზია ორი სახისაა: პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზიია უფრო გავრცელებულია და ხშირად მისი გამომწვევი უცნობია. რაც შეეხება მეორად ჰიპერტენზიას, მისი საფუძველი სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებაა; მაგალითად, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის და ა.შ. ჰიპერტენზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ისეთ რისკ-ფაქტორებს ენიჭება, როგორიცაა, მემკვიდრეობითი დატვირთვა ანუ ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი, ასაკი, ჭარბი წონა/სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, თამბაქო, ხშირი სტრესები, ნერვული დაძაბულობა და ა.შ.

ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და მკურნალობის პრინციპს ექიმი არჩევს.

კვირის ამბები