საზოგადოება
17.05.2022 12:05
გორის ერთ-ერთი ქუჩისთვის ცნობილი ოსი პოეტის, ვეფხისტყაოსნის მთარგმნელის, გიორგი ბესთაუთის სახელის მინიჭების თაობაზე მერიას ინიციატივით მიმართეს
გორში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას, შესაძლოა, ცნობილი ოსი პოეტის, გიორგი ბესთაუთის სახელი მიენიჭოს. როგორც „გორის მაცნეს“ იდეის ინიციატორმა, ბადრი მანჯავიძემ განუცხადა, შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს.
„გიორგი ბესთაუთს, ოს პოეტსა და ვეფხისტყაოსნის ოსურ ენაზე მთარგმნელს, 5 მაისს 90 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ 5 მაისს, განცხადებით მივმართე გორის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით რაზმაძეს, რომ მხარი დამიჭირონ, რათა ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭოს გიორგი ბესთაუთის სახელი. იმედი მაქვს ბატონი ვლადიმერის და ბატონი დავითის გულისხმიერების, მით უფრო, რომ გიორგი ბესთაუთი სწორედ გორის რაიონში დაიბადა“, - აღნიშნა ბადრი მანჯავიძემ.
ცნობისთვის, გიორგი ბესთაუთი 1932 წელს სოფელ გოგიაანთკარში დაიბადა. არის ოთხი პოეტური კრებულის ავტორი და მთარგმნელი. მან ქართულ ენაზე კოსტა ხეთაგუროვის შემოქმედება, ოსურ ენაზე კი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის და ირაკლი აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნა. ცნობილი პოეტი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კვირის ამბები