საზოგადოება
17.05.2022 11:55
„საზოგადოება ბილიკი“ მოსწავლეებისთვის იდეების კონკურსს აცხადებს

სკოლის მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, „საზოგადოება ბილიკი“ იდეების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და წარადგინონ ორიგინალური იდეები იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესი.

როგორც „საზოგადოება ბილიკში“ აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მეტად დაინტერესდნენ და ჩაერთონ სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურების (VII-XII კლასის) მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფის სახით.

სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების გაუჯობესების იდეა შეიძლება იყოს მოსწავლეების მიერ მოფიქრებული ან მოძიებული და მორგებული საკუთარ სასკოლო გარემოზე.

საკონკურსოდ წარდგენილი იდეა უნდა ეფუძნებოდეს სამოქალაქო განათლების რომელიმე თემას და წარმოაჩენდეს მისი შესწავლის ორიგინალურ გზას, ასევე, უნდა იყოს ინოვაციური და მდგრადი - შესაძლებელი იყოს მისი მრავალჯერ გამოყენება.

საკონკურსო კომისია წარდგენილი მასალებიდან 10 საუკეთესოს გამოარჩევს, საიდანაც სამი გამარჯვებული გამოვლინდება, მათგან თითოეული დაჯილდოვება ბიბლუსის 1 000 ლარიანი ვაუჩერით. 10-ვე საუკეთესო მონაწილე კი, საჩუქრად მიიღებს სამაგიდო თამაშს.

აპლიკაციების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 27 მაისს იწურება.

კვირის ამბები