„ამ დროისთვის, ჩვენ არ გვყავს მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი ნამდვილად მოსაწესრიგებელია. მოსახლეობა ჩივის, რომ 6 საათის შემდეგ უჭირთ როგორც ქალაქში, ასევე რაიონებში გადაადგილება. ამ თემაზე კარგა ხანია ვმუშაობთ და შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა უკვე მოგვარდა კიდეც. მოგეხსნებათ, უკვე დავიწყეთ ავტობუსების სადგომის მშენებლობა კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ეს იქნება 30 ავტობუსზე გათვალისწინებული სადგომი. დაახლოებით თებერვლისთვის ველოდებით ამ რაოდენობის ავტობუსებს, რომლებიც გადანაწილდება როგორც ქალაქის (12 ერთეული), ასევე, რაიონის (18 ერთეული) ტერიტორიაზე“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ტრანსპორტის რეგულირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი უკვე შესულია პარლამენტში. როგორც გორის მერმა აღნიშნა, ზემოხსენებული პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, თვითმმართველობებს მუნიციპალური ტრანსპორტის განკარგვისა და რეგულირების კანონიერი უფლება მიეცემა, რის შემდეგაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ღამის 10-11 საათამდე იმოძრავებს.