ტურიზმი
13.05.2022 15:27
გორის მუნიციპალიტეტი ტურიზმის სამდღიან საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილება ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით, Expo Batumi Travel 2022 - ზე გორის მუნიციპალიტეტი საკმაოდ მრავალფეროვან ინფორმაციას უზიარებს როგორც უცხოელ, ასევე ქართველ დამთვალიერებელს.

გორში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტების, ღვინის მარნების, მუზეუმებისა და სხვა ტურისტული ობიექტების ამსახველ საინფორმაციო სტენდებთან ერთად, გამოფენილია ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე გორის ჭიქური კერამიკა. დაინტერესებულ ვიზიტორებს თიხის მასტერკლას უტარებს და საკუთარ ნაწარმს ცნობილი გორელი ოსტატი გივი ტატულაშვილი აცნობს.

„გამოფენას ეყოლება ასობით დამთვალიერებელი, რითაც საშუალება გვეძლევა, პირადად გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და რეგიონის ტურისტული პოტენციალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები. მათთან შეხვედრა და შემდგომში კონტაქტების დამყარება დიდად უწყობს ხელს ჩვენს რეგიონში მეტი ტურისტის მოზიდვას.

გამოფენაზე, ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, რეგიონისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსებულია ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები, რითაც ვიზუალურად წარმოდგენილია ესა თუ ის ტურისტული ბრენდები, ეს ყველფერი კი საშუალებას მოგვცემს, რეგიონში რაც შეიძლება მეტი დამთვალიერებელი მოვიზიდოთ“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას რობერტ მაღლაკელიძემ.

შეგახსენებთ, Expo Batumi Travel 2022, ორწლიანი პაუზის შემდეგ, 13 - 15 მაისს იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ადგილობრივი და უცხოური სასტუმრო აღჭურვილობის, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.

კვირის ამბები