საზოგადოება
13.05.2022 13:10
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მერის თანაშემწის ფუნქციების ნაცვლად, მერის მრჩევლის ფუნქციების განსაზღვრის საკითხს ხმაური მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერი ნაწილის ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა მეორე საკითხის განხილვას, რომელიც „გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შრომითი ხელშეკრულების ერთ პოზიციაზე მერის თანაშემწის ფუნქციების ნაცვლად, მერის მრჩევლის ფუნქციების განსაზღვრის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“  განკარგულების პროექტის განხილვას გულისხმობდა.

დადგენილების მიხედვით, მერიაში უქმდება თანაშემწის ერთი პოზიცია და ამის ნაცვლად, იქმნება მრჩევლის პოზიცია. გორის მერს, ამ დრომდე ოთხი თანაშემწე და ერთი მრჩეველი ჰყავს, რომელიც იურიდიულ საკითხებზე მუშაობს. დოკუმენტის მიხედვით, მეორე მრჩეველი კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საკითხებზე იმუშავებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ მერიაში შტატების დამატება არამიზნობრივად ხდება. ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ დააყენა საკრებულოს სხდომაზე მერის მისვლის საკითხი.  

„არაერთი კითხვა გვქონდა მერთან, მათ შორის, ახალი მრჩევლის დანიშვნის თაობაზე, ასევე, კულტურის ა(ა)იპ-ში მომხდარი გაფლანგვის ფაქტებზე და დღეს მოლოდინი გვქონდა იმისა, რომ მინიმუმ, პასუხს მივიღებდით, რას აპირებს ეს ადამიანი მსგავსი ფაქტის შემთხვევაში პრევენცია რომ მოახდინოს. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ჯერ კიდევ წინა მერის დროს დაიწყო ნაკადის მომწესრიგებლისა თუ სხვა მსგავსი შტატების დაშვება, იგივე ტენდენცია გრძელდება დღესაც. ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ მუნიციპალიტეტში არამიზნობრივად  ამატებენ შტატებს, მაინტერესებს ძალიან, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მიდგომა, რასაც ჰქვია შტატების გადაბერვა. თუ თანაშემწე გვჭირდება, თუ მრჩეველი გვჭირდება, თუ დამხმარე გვჭირდება, მაშინ მერი რისთვის გვჭირდება“.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე ქორჩილავას ამ განცხადებას პოლიტიკურად ანგაჟირებულს და დემაგოგიურს უწოდებს.

„არ ხდება გამონაკლისის წესით ახალი შტატის დამატება, აქ გარკვევით წერია, რომ ხდება არსებული თანაშემწის ფუნქციის შერწყმა. შესაბამისად, საბიუჯეტო ხარჯი არ იცვლება არცერთი თეთრით, ხდება შერწყმა და პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს, ხდება შტატების გაბერვა, თითქოს მერს არ ესაჭიროება არც მრჩეველი და არც თანაშემწე და მხოლოდ თვითონ და მძღოლი უნდა დადიოდნენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული დემაგოგიური განცხადებები.

რაც შეეხება საკითხს, რომელზეც თქვენ აღნიშნეთ, რომ კითხვები გაქვთ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სხვა მხრივ, არაკორექტული და არალეგიტიმურია მერის ან სხვა თანამდებობის პირის მიერ დეტალებში შესვლა და გამოძიების დასრულებამდე განცხადებების გაკეთება, იმის მიუხედავად, კონკრეტული საკითხის მიმართ საზოგადოების როგორი მაღალი ინტერესიც არ უნდა არსებობდეს. მეც ვთვლი, რომ ამ საკითხის მიმართ ინტერესი სწორედ რომ უნდა არსებობდეს, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი საბიუჯეტო ორგანიზაცია ფინანსდება გადამხდელების ფულით და ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, დასასჯელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც, გარწმუნებთ“, - განაცხადა მარლენ ნადირაძემ.   

აღნიშნული საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ,,ენმ"-ს წევრებმა და პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს, თუმცა, გორის მერის თანაშემწის ფუნქციების ნაცვლად, მერის მრჩევლის ფუნქციების განსაზღვრის თაობაზე განკარგულების პროექტი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

კვირის ამბები