ერთ კვირაში, 20 მაისს, საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლაში, მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკება. გასული ორი წლისგან განსხვავებით, როცა კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, აკრძალული იყო ბანკეტებისა და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, მიმდინარე წელს, ეს შეზღუდვები მოხსნილია.
შესაბამისად, ყველა სკოლის დამამათავრებელი კლასი კარგა ხნის წინ შეუდგა „ბოლო ზარის“ დაგეგმვას. ბოლო გაკვეთილი, სკოლებში, ტრადიციულად, ემოციური და განსხვავებულია, თუმცა, ღონისძიებები, რომელიც სკოლის შენობის მიღმა ვითარდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.
„გორის მაცნე“ დაინტერესდა, რა როლი აკისრია ამ ღონისძიებებში სკოლას და რა რეკომენდაცია აქვს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტერის ხელმძღვანელს სკოლების კურსდამთავრებულებისა და მათი მშობლებისთვის.
როგორც ნანა ტერმაკოზაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, „ბოლო ზარი“ და ბანკეტი არ არის სასკოლო ღონისძიება და შესაბამისად, სკოლა ვერ ჩაერევა უკვე კურსდამთავრებულების გადაწყვეტილებაში, თუმცა, ტერმაკოზაშვილი, ახალგაზრდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მანქანებით სეირნობისგან, რასაც ხშირად უსიამოვნო შედეგები მოსდევს.
„მოგეხსენებათ, ბოლო გაკვეთილის შემდეგ, კურსდამთავრებულები უკვე აღარ არიან მოსწავლის სტატუსის მატარებლები და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებებში სკოლა ვერ ჩაერევა. ეს შეეხება როგორც სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებებს, ასევე ბანკეტებსა და იმ მავნე ტრადიციასაც, რასაც ე.წ. მანქანებით გასეირნება ჰქვია, ყველა ეს ღონისძიება, რომელც დაიგეგმება და განხორციელდება სკოლის დამთავრების შემდეგ, არის თავად ახალგაზრდების და მათი მშობლების პასუხისმგებლობის ქვეშ. აქვე მინდა მეგობრული რჩევა მივცე დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, რომ თავი შეიკავონ მანქანებით სეირნობისგან, ჩვენ არაერთი ცუდი ფაქტი გვახსოვს, რაც ამ მავნე ტრადიციას მოჰყვა, დიდი იმედი მაქვს, ეს დამოკიდებულება ოდესმე შეიცვლება“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა „გორის მაცნესთან“ საუბრისას.