დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, სამინისტროსთვის, პრიორიტეტულ მიმართულებაა.
„2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით. 2022 წელს, განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი უკვე მიიღო 1302-მა დევნილმა ოჯახმა, ხოლო წლის ბოლომდე, დამატებით, 1000-მდე ბინა განაწილდება და 1000-ზე მეტი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. რაც შეეხება მომდევნო წლების სამოქმედო გეგმას, ჯამში, მომდევნო წლებში 7000-მდე ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, 6000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონი ლარი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.