მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო, ვინ ისარგებლებს პროგრამით
მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. ჯამში, პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეიძენს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს ცხელ ხაზს - 1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა)“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - myliberty. ge და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად.
აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.