მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წუხდა იმის გამო, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა „ბოლო ზარის“, ბანკეტის და დაგეგმილი სხვა ღონისძიებებისთვის მშობლებს უამრავი თანხის გაღება უწევთ, ბევრ ოჯახს კი ამის შესაძლებლობა არ გააჩნია, „ფეისბუქის“ არაერთმა მომხმარებელმა დააფიქსირა სურვილი, რომ გააჩუქებდა კაბას, ფეხსაცმელს და სადღესასწაულო დრესკოდით გათვალისწინებულ სხვა ნივთებს. აღნიშნულის გარდა, რამდენიმე გორელმა ხელმოკლე კურსდამთავრებულთა ფინანსურად დახმარების სურვილიც გამოთქვა, ერთ-ერთი გორის მკვიდრი ბესო კარელიძეა.
„მოგესალმებით მეგობრებო, მოგმართავთ დამამთავრებელი კლასის მასწავლებლებს და მშობლებს. თუ კლასში გყავთ ისეთი ბავშვი, რომელიც რეალურად თანხის გამო ვერ მოდის ბანკეტზე, ერთ ასეთ ბავშვს დავაფინანსებ 500 ლარით. გთხოვთ, სწორად შემირჩიოთ ასეთი ბავშვი რომ მართლა სიხარული ვაჩუქო და არა იოლი გზა ბანკეტზე დასასწრებად”, - წერს სოციალურ ქსელში ბესო კარელიძე.
ცნობისთვის, „გორის მაცნეს“ მიერ ჩატარებული კვლევით, მიმდინარე წელს, გორში, სკოლის კურსდამთავრებულის გამოსაშვები საღამოსთვის შვილების მომზადება ყველა ხარჯის გათვალისწინებით (,,ბოლო ზარი", ბანკეტი, სამოსი, ფოტო-ვიდეო მომსახურება...) მშობლებს 800-დან 1500 ლარამდე უჯდებათ.