გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 43 მილიონი ლარით განისაზღვრა. დოკუმენტის პროექტს მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, საკრებულოს სამმა წევრმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ერთმა კი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
საკრებულოს სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი თავად ესწრებოდა და საკრებულოს წევრების შეკითხვებსაც უპასუხა. შეკითხვები და შენიშვნები, უმეტესად, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაფიქსირდა. ფრაქცია „ძლიერი გორის“ თავმჯდომარემ, ვასილისა ჯაბახიძემ აქცენტი გასული წლების ბიუჯეტის აუთვისებელ ხარჯებზე გააკეთა და მერს მმართველობის სისტემა დაუწუნა. ჯაბახიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მიერ დაფიქსირებული ინიციატივები და არც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტია საზოგადოების ინტერესებზე მორგებული.
ოპონენტის რეპლიკებს არგუმენტირებული პასუხები გასცა მუნიციპალიტეტის მერმა და განმარტა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში შეძლებისდაგვარადაა გათვალისწინებული როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებები. „საკრებულოს მხრიდან მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები მაქსიმალურად ავსახეთ წლევანდელ ბიუჯეტში, ვეცდებით, რომ 2020 წელი გასულ წლებთან შედარებით უკეთესი იყოს. უნდა გითხრათ, რომ სოციალური მიმართულებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი პროგრამა ხორციელდება, აქედან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან ამ კუთხით გამოთქმულ შენიშვნას ვერ მივიღებ. რაც შეეხება ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებელს, მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის, ბიუჯეტი მთლიანად გვაქვს ათვისებული, თუმცა, დავამატებ, რომ აუცილებლად გვექნება ნაშთი, რადგანაც ველოდებით შემოსავლების ნაწილში თანხის მატებას. ეს შეიძლება იყოს 2 მილიონამდე თანხა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თანხა დაგვრჩება აუთვისებელი. ეს თანხა გადავა მომავალი წლის ბიუჯეტში და მოხმარდება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას. ასე რომ, ოპოზიციას მოვუწოდებ, ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.