გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნულ კონფერენციას „გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ დაესწრო. კონფერენციას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ქვეყნის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. მონაწილეებმა, ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე, არსებული გამოწვევებისა და სამოქმედო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.
ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა პროექტის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.
როგორც ცნობილია, თანამშრომლობა 64 მუნიციპალიტეტისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს.