საზოგადოება
11.05.2022 14:10
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებზე მომართვიანობა გორში მინიმუმამდე შემცირდა - მარი გიუნაშვილი

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მომართვიანობა გორის მუნიციპალიტეტში მინიმუმამდეა შემცირებული, არის დღეები, როცა არცერთი აცრა არ ფიქსირდება, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა.

,,მინიმუმადეა შემცირებული აცრებზე მომართვიანობა. არის დღეები, როცა ვაქცინაციის პუნქტებში არცერთი აცრა არ ფიქსირდება. მაგალითად, გასული კვირის განმავლობაში, გორში (ჰოსპიტალსა და ,,გორმედში“) და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედ ამცრელ პუნქტრებში სულ დაფიქსირდა I დოზით ვაქცინაციის 13 ფაქტი, II დოზა - 26 და ბუსტერი - 29. რაც შეეხება ბუსტერით აცრებს, ძირითადად იცრებიან ის პირები, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას გეგმავენ და თავს იზღვევენ, რომ გამგზავრების ქვეყანაში რაიმე პრობლემა არ შეექმნათ. რაც შეეხება ვაქცინებს, ამჟამად ქვეყანაში არსებული ყველა სახის ვაქცინით უზრუნველყოფილია გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ,,გორის მაცნეს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა და ფულად წახალისებას ითვალისწინებდა, აპრილის ბოლოს დასრულდა.

კვირის ამბები