პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, III ეტაპზე, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე: registration.emis.ge.
რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.
რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას და წარდგენის ვადებს, ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტების ჩამონათვალი კი ასეთია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
თუ რეგისტრაციის რომელიმე ეტაპს გამოტოვებთ საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ან შეფერხებას შეგიქმნით სკოლა ან გექნებათ სხვა მიზეზი, უნდა დაელოდოთ მეოთხე ეტაპს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის ტერიტორიულ ერთეულშიც მდებარეობს სკოლა და ოპერატიულად შეატყობინოთ პრობლემის შესახებ, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს (995 32) 2 200 220.