24.12.2019 15:16
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მომხმარებელს მოუწოდებენ, არ შეიძინოს მაღალი რისკის სურსათი - ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტები ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
„სურსათის შეძენისას ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, სადაც ახალი რეგულაციის შესაბამისად, მითითებულია ყველა აუცილებელი ინფორმაცია ვადების, შენახვის პირობებისა და შემადგენლობის შესახებ.
ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისას კი, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია არაუმეტეს +6 გრადუსისა, ხოლო შენახვის ვადაა 48 საათი. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: მწარმოებლის დასახელება, სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე დამზადების თარიღი და საათი; სურსათის დასახელება - მაგალითად, მსხვილფეხა საქონლის (ძროხის, კამეჩის) ხორცი გაცივებული; თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი, ხოლო თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება; ცხოველთა სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკლული ცხოველის ხორცზე უნდა იყოს დასმული ჯანმრთელობის ნიშანდება; სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული. ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც,"-ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყების წარმომადგენლები ამბობენ, FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების ფასი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან (რძე, ყველი, თევზი და ა.შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. ინფიცირებული ცხოველის ხორცის მიღებისას კი, ადამიანი შეიძლება დაავადდეს და სერიოზული რისკი შეექმნას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.