საზოგადოება
10.05.2022 17:35
გორის მერიამ სხვადასხვა ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამი ტენდერი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციიდან ირკვევა, დაგეგმილია იაკობ ჯუღაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები. სარეაბილიტაციო ქუჩის სიგრძე 450 მეტრია, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარს შეადგენს.

კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც მერია გზის კეთილმოწყობას გეგმავს, ანტონოვის ქუჩაა. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო ქუჩის სიგრძე 380 მეტრია, რაც შეეხება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას, 440 280 ლარია გათვალისწინებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ.გვერდზე გორის მუნიციპალიტეტის მიერ ატვირთული კიდევ ერთი ტენდერი სოფელ ტინისხიდში, დიდი გორიჯვარში და ქ. გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშოებს ითვალისწინებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომელის აღნიშნულ დაწესებულებებზე გზების რეაბილიტაციაა, 1 015 510 ლარია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტინისხიდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 680 მეტრი სიგრძის გზის კეთილმოწყობას გულისხმობს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ნაწილობრივ მჭიდროდ დასახლებულ უბანს გაივლის. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

დიდ გორიჯვარში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიხედვით, საავტომობილო გზის 332 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

რკინიგზის სადგურის დასახლებაში კი, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დაგეგმილი სამუშაოები 225 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზის კეთილმოწყობას გულისხმობს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

კვირის ამბები