საზოგადოება
10.05.2022 17:30
რა უჯდება სკოლის კურსდამთავრებულს საბანკეტო სამზადისი გორში

10 დღეში ბოლო ზარია, მეთორმეტეკლასელებისთვის წინ ეროვნული გამოცდები და ცხოვრების ახალი ეტაპია, თუმცა, იქამდე სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებული, უკვე ტრადიციადქცეული სკოლის ბანკეტის დღეა დასაგეგმი.

რამდენადაც ეს დღე სკოლადამთავრებულთათვის გამორჩეულია, იმდენად, დაკავშირებულია საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთან, ხარჯები კი, ღონისძიების მასშტაბურობითა და მრავალფეროვანი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. რა უჯდებათ მშობლებს შვილის სკოლის გამოსაშვები საღამო - „გორის მაცნე“ შეეცადა ყველა იმ შესაძლო ხარჯთან დაკავშირებით მოეძიებინა ინფორმაცია, რომელიც ბოლო ზარსა და ბანკეტს  ახლავს თან.

გოგონები - როგორც წესი, გოგონები სასურველ კაბაზე ფიქრს რამდენიმე თვით ადრე იწყებენ. ფასი სხვადასხვაგვარია, ბრენდის, ხარისხის და მაღაზიის მიხედვით. გოგონებს კაბების შეძენა ბვიუჯეტური სეგმენტის ბრენდებში 100-დან 170 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე.

რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საზოგადოებაში ძვირადღირებულის სტატუსს ატარებს, კაბების და ფეხსაცმელების ფასები საკმაოდ მაღალია. კაბების ფასი 300 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეა, ფეხსაცმლის შეძენაც დაახლოებით ამავე ფასშია შესაზლებელი.

თუ მაღაზიაში ვერც მოიწონეთ სამოსი და არც ბაზრობებზე გსურთ შეიძინოთ, მაშინ მოგიწევთ კაბა საკუთარი დიზანით მკერავს შეაკერინოთ. „გორის მაცნე“ ერთ-ერთ მკერავს დაუკავშირდა, რომელმაც ფასებთან დაკავშირებით განმარტა, რომ კაბის შეკერვის ღირებულება სირთულის მიხედვით განისაზღვრება და 80 ლარიდან იწყება.

ეკა გიორგობიანი, მკერავი: „საგრძნობლადაა მომატებული ქსოვილის ფასები, შესაბამისად, გაიზარდა მომსახურების საფასურიც, თუმცა, ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გავითავისო მომხმარებლის ინტერესები და არ ავწიო ფასები. ჩემთან კაბის შეკერვა 80 ლარიდან იწყება, მომხმარებელს ქსოვილი თითონ მოაქვს. როგორც ყოველთვის, ახლაც არის სხვადასხვა ღირებულების მატერიები, 1 მ-ს ფასი 15-20 ლარიდან იწყება, ერთ-ერთი შეკვეთა კი 80 ლარიანი ქსოვილით უნდა შევასრულო. საშუაოდ რომ ვთქვათ, ერთი კაბის შეკერვა, საშუალო ხარისხით ქსოვილით 200 ლარამდე ჯდება.

რაც შეეხება ვაჟებს, წელს ბიჭების ტანსაცმელზე შეკვეთა თითქმის არ მაქვს, უმეტესად, ზომის გადაკეთების თხოვნით გვაკითხავენ“.

თუ თქვენ გოგონას მშობელი ხართ, სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ. ფასი კი აქაც სალონის პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულის გათვალისწინებით 70-იდან 200-ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 250-დან 800 ლარამდე ჯდება.

ბიჭები - ბიჯებისთვის არჩევანი არც ისე დიდია. არსებობს ორი ვარიანტი: 1. პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი, და 2. შარვალი-პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი. მიუხედავად არჩევანის სიმწირისა, თანხის დაზოგვას ვერც ბიჭების მშობლები შეძლებენ.

მომხმარებლებში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა, სადაც ფასები 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 100-იდან 200 ლარამდე შეგიძლიათ. პერაგის შეძენას კი, სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 35 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც. ქალაქში მდებარე მაღაზიებსა და ბაზრობებზე კი ფასები მნიშვნელოვნად გასხვავებულია, მითუმეტეს - რეგიონებში. ბიჭებს, საშუალოდ, გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 400-დან 1000 ლარამდე დაუჯდებათ.

რესტორანი - თუ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საკითხი მოგვარებულია, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ გარემოს შერჩევა, სადაც მათ სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნონ.

მენიუს გათვალისწინებით, რესტორნის ფასები ერთ პერსონაზე 100-200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო წლებში საკმაოდ ტრენდულია ბანკეტის აღნიშვნა ქალაქგარეთ - ხშირად, კლასი ქირაობს სასტუმროს აუზით და სხვადასხვა ინფრასტრუქტურით. ეს, ბუნებრვია, ხარჯებს ზრდის. ბრენდულ სასტუმროებში ეს მომსახურება ერთ პერსონაზე 300 ლარიდან იწყება.

სკოლის გამოსაშვები საღამო ფოტოსა და ვიდეოგადაღების გარეშე წარმოუდგენელია, ასევე, ბოლო პერიოდში, მოდურია ფლეშმობებისა და სხვადასხვა ინდივიდდუალური წარმოდგენების გამართვა. „გორის მაცნემ“ რამდენიმე სკოლაში (როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში) გადაამოწმა ფასები და ყველა ამ მომსახურების საფასური 250-დან 500 ლარამდე მერყეობს (ამაში არ შედის სასტუმრო/რესტორნის და გზის მომსახურება).

თუ მონაცემებს შევაჯამებთ, მშობლებს სკოლის გამოსაშვები საღამოთვის შვილების მომზადება ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 800-დან 1500 ლარამდე დაუჯდებათ.

კვირის ამბები