საზოგადოება
10.05.2022 13:37
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა - რას ითვალისწინებს ლენდ-ლიზი

ლენდ-ლიზის შესახებ კანონს, რომელსაც ერთი თვის წინ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, შესაბამისად, ჯო ბაიდენის ხელოწერით, ლენდ-ლიზის კანონი ძალაში შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღს და სხვა სახის აღჭურვილობას დაჩქარებული ტემპებით, შეფერხებების გარეშე მიაწვდის.

ლენდ-ლიზის პროგრამა არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 1941 წლის მარტიდან, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ი საფრანგეთს, საბჭოთა კავშირს, გაერთიანებულ სამეფოს, ჩინეთს და სხვა მოკავშირე ქვეყნებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით ამარაგებდა, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში.

პროგრამის ფარგლებში ამერიკამ გასცა 50.1 მილიარდი დოლარის (2022 წლის ფასებით, დაახლოებით 700 მილიარდის ეკვივალენტი) ღირებულების დახმარება: 31.4 მილიარდი ბრიტანეთს, 11.3 მილიარდი საბჭოთა კავშირს, 3.2 მილიარდი საფრანგეთს და 1.6 მილიარდი ჩინეთს. საპირისპიროდ ლენდ–ლიზმა (მოკავშირეთა მიერ აშშ–სთვის გაწეული დახმარება) შეადგინა 7.8 მილიარდი დოლარი, აქედან 6.8 მილიარდი მოდის ბრიტანეთსა და თანამეგობრობის ქვეყნებზე.

სანაცვლოდ, ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში.

კვირის ამბები