პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესში გატარებული ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვანი სიახლეა კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულების კუთხით. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. რაც შეეხება ამ პერიოდამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, მათთვის გამონაბოლქვის კონტროლის წესები ეტაპობრივად გამკაცრდება, კერძოდ: 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე - 0.7%; 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ - სვლაზე 0.6%; 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე პროცესი შეაჯამეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებული მონაცემებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 800 000-მდე სატრანსპორტო საშუალებამ უკვე გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ავტომობილების დახარვეზების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო, სამინისტროს ცნობით, ხარვეზის გამოსწორების კოეფიციენტი საიმედოა, ვინაიდან, ავტომფლობელები უკვე ყურადღებას აქცევენ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას და დადგენილ ვადებში ხდება ხარვეზების გამოსწორება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესის ახალი რედაქციის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწევს M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულება.