სპორტი
07.05.2022 22:46
ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში, გორელებმა წლევანდელ სეზონში მეშვიდე გამარჯვება იზეიმეს

გორის „დილაზე“ დიდად არ უმოქმედია მე-10 ტურში „გაგრასთან“ წაგებას და ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ მოპოვებული საშინაო გამარჯვებით, ამ გუნდმა ისევ შეინარჩუნა ადგილი სატურნირო ცხრილში წამყვან პოზიციებზე. ცხრილში კი ის ისევ მეორე ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს თბილისის „დინამოს“.

ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში, გორელებმა, წლევანდელ სეზონში მეშვიდე გამარჯვება იზეიმეს.

მოსაგებად ზრუნვას „დილა“ პირველივე წუთებიდან შეუდგა. ბურთის ფლობის და თამაშზე კონტროლის დამყარებისთვის მათ თავიდანავე იბრძოლეს, რაც შეძლეს კიდეც და მალევე გოლიც შეაგდეს. მე-10 წუთზე ცოტნე მოსიაშვილის პასით ვაგნერ გონსალვეშმა დალაშქრა ქუთაისელთა კარი.

„ტორპედოს“ უჭირდა მეტოქე გუნდის მცველთა წინააღმდეგობის დაძლევა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დიდი ჯაფა არც „დილას“ მეკარეს, დემეტრე ბულისკერიას დასდგომია.

შესვენების შემდეგ, სტუმრებმა შეცვლებით სცადეს მოედანზე შექმნილი ვითარების გამოსწორება, თუმცა „დილა“ მატჩის სადავეების ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. მასპინძელთა გუნდს, ამ დღეს, დისკვალიფიცირებული ანდრეი დემჩენკოს ნაცვლად, მისი თანაშემწე ირაკლი მოდებაძე ხელმძღვანელობდა. მოდებაძემ მეორე ტაიმის შუაწელში მთელი შეტევის ხაზი შეცვალა. შეხვედრის ბოლო 20 წუთი გორელების მნიშვნელოვანი უპირატესობით მიმდინარეობდა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე კი, მათ მეორედაც დაამწუხრეს „ტორპედოს“ ქომაგი. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ჰაჯი დრამემ კარის გაწვრივ ჩაუწოდა თამაზ მაქაცარიას და ამანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:0.

კვირის ამბები