გასულ კვირას, მორიგი ტრიუმფალური ჩემპიონატი ჩაატარეს გორელმა თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა. გორელ მოჭიდავეთა გუნდი ამჯერად 15 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე იყო მოპოვებული მედლების რაოდენობით საუკეთესო. შეგახსენებთ, რომ მათ ერთი თვის წინ, ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატზეც შეძლეს, შეჯიბრებაში მონაწილე ყველა სხვა ქალაქისთვის დიდი უპირატესობით ეჯობნათ, კიდევ ცოტა ხნით ადრე კი, ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატზეც პირველები იყვნენ. რაც შეეხება, უშუალოდ 15 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატს, შეჯიბრებას 30 აპრილი _ 1 მაისს ოზურგეთმა უმასპინძლა. გორიდან მასში ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდები გამოდიოდნენ. მათ, ჯამში, 12 მედლის მოპოვება შეძლეს. აქედან 5 ოქროსია, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს სინჯის.
საქართველოს ჩემპიონები გახდნენ: გიორგი წურიაშვილი (38 კგ.), გიორგი მაისურაძე (41 კგ.), დავით პაპუკიშვილი (48 კგ.), რატი რევაზაშვილი (57 კგ.) და ნიკა მაისურაძე (68 კგ.).
ვერცხლის მედლებს ლუკა ტატიაშვილი (62 კგ.), კონსტანტინე პეტრიაშვილი (68 კგ.), დავით გოგშელიძე (75 კგ.) და ოთარ თაბუაშვილი (85 კგ.) დაეუფლნენ.
ბრინჯაოს მედლების აღება კი თემურ თუთარაშვილმა, დავით ბეგიაშვილმა და საბა ჭულუხაძემ შეძლეს.
საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივლისში, ხორვატიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.