საზოგადოება
06.05.2022 12:30
ვისთვისაა განკუთვნილი და სად აიღებთ 300-ლარიან აგროვაუჩერს

თუ თქვენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრე ხართ, მაშინ მთავრობა 300-ლარიან აგროვაუჩერს გჩუქნით. მართალია, აგროვაუჩერს ფულადი სახით ვერ გაანაღდებთ, თუმცა, აგრომაღაზიებში ნებისმიერი აგროსაჭიროების პროდუქტს შეიძენთ.

სად შეგიძლიათ ვაუჩერის აღება? რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეთ და როდემდე მოქმედებს ეს პროგრამა:

ბარათები ლიბერთი ბანკის ფილიალებში გაიცემა, თუმცა, პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია დარეგისტრირებული იყოთ ფერმერთა რეესტრში. ფერმერთა რეესტრში რეგისტრაცია საკმაოდ მარტივია: უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე 1501, სადაც ოპერატორს ეტყვით, რომ გსურთ ფერმერთა რეესტრში რეგისტრაცია, რომლის შემდეგაც რამდენიმე მარტივ კითხვზე უპასუხებთ. აუცილებელი ფაქტორია, რომ იყოთ რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე. თუ საკუთრება რეგისტირებული არ გაქვთ, ვაუჩერს ვერ აიღებთ.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შეძენა: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა ერთ ჰექტარზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. მთლიანობაში, დახმარების მიღებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი შეძლებს. პროექტის ბიუჯეტი 95 მილიონ ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, აგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

კვირის ამბები