გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი უკვე გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 585 140 ლარია. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე კი, 881 მეტრს შეადგენს.
„საპროექტო მონაკვეთი მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. გზის სავალი ნაწილიდან მოსაცილებელია ზედაპირული წყლები, მოსაწესრიგებელია არსებული კიუვეტები და წყალგამტარი მილები. ტრანსპორტის სავალ ნაწილის პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მიერთებებსა და ეზოებში შესასვლელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.